ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში მაღალი რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან 2000 მოქალაქე არის დაბრუნებული, რომლებიც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მისივე თქმით, მიმდინარეობს ანალიზების აღება და არაა გამორიცხული, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა მომდევნო დღეებში გაიზარდოს.
„2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომლიც იმყოფებოდა სხვა და სხვა რისკის შემცველ ქვეყანაში, დღესდღეობით საქართველოში არიან და იმყოფებიან საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ამ მოქალაქეებში ველოდებით კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აგრესიული ტესტირების ჩატარებას აპირებს, თუმცა მანამდე დიაგნოსტიკის ტესტების შესყიდვაა საჭირო. ტიკარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან ტესტებზე გააკეთებს არჩევანს, რადგან მიღებული შედეგი მოქალაქისათვის სავალალო არ აღმოჩნდეს.
„ჩვენ დავაანონსეთ, რომ მნიშვნელოვანია აგრესიული ტესტირება. გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები კორეასთან ასევე ჩინეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს საუკეთესო გამოსავლები და გამოცდილება აქვთ კორონავირუსის ტესტირებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მომწოდებელი იმყოფება ბაზარზე მაგრამ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან ტესტებს შემოვიტანთ იმისათვის, რომ არ გვქონდეს გარკვეული გადაცდომა, რაც შეიძლება სავალალო იყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.